რა ფარული საფრთხეებია ინტერნეტში?
შეუფერებელი, ბავშვისთვის საზიანო საიტები, რომლებზეც ბავშვი შეიძლება შევიდეს და შემთხვევით გადააწყდეს მისთვის შოკის მომგვრელ, შემზარავ, მიუღებელ, გაუგებარ რამეებს.
დამამცირებელი, სამარცხვინო ან ზიანის მომტანი ამბების, ფოტოების, ვიდეოების გავრცელება - მაგალითად, ჭორების გავრცელება, ფოტოების გაყალბება, ძალიან პირადული ამბის გამჟღავნება და სხვა. ამან შეიძლება დამანგრეველი გავლენა იქონიოს ბავშვზე.
სახიფათო ურთიერთობები - იმ ადამიანებთან რომლებსაც ბოროტი განზრახვები ამოძრავებთ, სურთ ბავშვების მოტყუება ან არიან მოძალადეები. ასეთი ადამიანები თავიანთ ნამდვილ ვინაობას მალავენ, ბავშვებს უმეგობრდებიან და შემდეგ სთავაზობენ, რომ ვებ. კამერის წინ გაიხადონ ან თვითონ შიშვლდებიან და ბავშვს აყურებინებენ.
ცუდი ქცევები, მაგალითად, „მეგობრების“ წაბაძვით გინება, შეურაცხყოფა და სხვა დამამცირებელი ქცევები.
კომპიუტერული ვირუსები - იმის გამო, რომ ბავშვებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა, ისინი ვერ ხვდებიან, რომ, მაგალითად თამაშების გადმოწერით ვირუსებსაც იწერენ, რაც კომპიუტერს აფუჭებს და ამას გარდა, უცნობ ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ შევიდნენ ბავშვის კომპიუტერში არსებულ ფაილებზე, ვებკამერაზე და ეს ყველაფერი ცუდი მიზნებისთვის გამოიყენონ.
- 1. არ გასცეთ პირადი ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლების სამსახურების დასახელებები და ტელეფონები, თქვენი სკოლის მისამართი და ნომერი ან დასახელება, მშობლის ნებართვის გარეშე.
- 2. არ გაუგზავნოთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს თქვენი ფოტო ან რაიმე სხვა საბუთი თქვენს მშობლებთან შეთანხმების გარეშე. იყავით ფრთხილი, რადგან ვიღაცამ თქვენი ფოტოები შეიძლება ბოროტად გამოიყენოს.
- 3. არ დათანხმდეთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას თქვენი მშობლების თანხმობის გარეშე. თუკი თქვენი მშობლები შეხვედრის ნებას დაგრთავენ, ამ ადამიანს ხალხმრავალ ადგილას შეხვდით და შეხვედრაზე მშობლებთან ერთად წადით.
- 4. არ უპასუხოთ ისეთ მესიჯებს, კომენტარებს, რომლებიც თავს უხერხულად გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, აგაფორიაქებთ. თუ ვინმე ასეთ მესიჯს გამოგიგზავნით, ეს თქვენი ბრალი არაა და მაშინვე მოუყევით ამის შესახებ თქვენს მშობლებს.
- 5. არ დადოთ ინტერნეტში თქვენი ან თქვენი მეგობრების უხერხული, გამომწვევი ფოტოები. ეს ცუდი ადამიანების, მოძალადეების ყურადღებას მიიპყრობს.
- 6. მაშინვე უთხარით მშობლებს, თუკი ისეთ ინფორმაციას გადააწყდებით, რომელიც თავს ცუდად, გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, შეგაშფოთებთ, შეგაშინებთ, უხერხულობას გაგიჩენთ.
- 7. აუცილებლად დაეკითხეთ ნებართვა თქვენს მშობელს, მასწავლებელს, სანამ ახალ პროგრამას, რაიმე თამაშს გადმოიწერდეთ, ან რამე ისეთს გააკეთებდეთ, რამაც შეიძლება თქვენი კომპიუტერი დააზიანოს, თქვენ ან თქვენი ოჯახის პირად ინფორმაციას საფრთხე შეუქმნას.
- 8. დაიცავით ოჯახის წესები - მშობლებთან შეათანხმეთ დღე, დრო, ხანგრძლივობა, თუ როდის და რამდენ ხანს შეიძლება ინტერნეტით სარგებლობა, ასევე - რომელ საიტებზე შეიძლება შესვლა.
- 9. ინტერნეტსივრცეში იყავით მოწესრიგებული ადამიანი - არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანს ზიანს მოუტანს ან რაც კანონის დარღვევად, დანაშაულად ითვლება.
- 10. თქვენი მშობლების გარდა, არავის გაუმხილოთ თქვენი ინტერნეტ „პაროლები“.