twitter
rss

  4 თებერვალი facebook-ის "დაბადების დღა".

https://commersant.ge/news/technologies/facebook-dghes-20-tslis-gakhda

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, Facebook 20 წლის გახდა. ის მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებთან და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან - ედუარდო სავერინთან, დასტინ მოსკოვიცთან და კრის ჰაგისთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლისას დააარსა. პლატფორმა ქსელში 2004 წლის 4 თებერვალს ჩაეშვა.

2022 წლის 31 მარტის მონაცემებით, Facebook-ს თვიურად 2.94 მლრდ აქტიური იუზერი ჰყავს. 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, Facebook მე-3 ყველაზე პოპულარული ვებსაიტია მსოფლიოში, მისი ტრაფიკის 22,56% შეერთებულ შტატებზე მოდის.

წლების განმავლობაში Facebook-ს უკავშირდება ბევრი ინოვაცია, სკანდალი და სასამართლო, თუმცა მისი პოპულარობა მზარდია. Facebook-მა 2020 წლის Fortune 500-ის სიაში 34-ე ადგილი დაიკავა შეერთებული შტატების უმსხვილესი კორპორაციების შემოსავლების სიაში, თითქმის 86 მილიარდი დოლარის შემოსავლით.

2024 წლის უმსხვილესი კომპანიების სიაში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, Meta მე-7 ადგილზეა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრლნ-ია, შემოსავალი $126.96 მლრდ-ია.

Facebook-ს კომპანია Meta Platforms ფლობს. Facebook-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატოს მეგობრები და გაგზავნოს გზავნილები, შექმნას და განაახლოს პერსონალური პროფილები. გარდა ამისა, შეუერთდეს ქსელს ქალაქის, სამუშაო ადგილის, სკოლისა ან რეგიონის მონაცემების მიხედვით.

 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  

30 იანვარი, 1925 წელს დაიბადა დუგლას ენდელბარტი - კაცი, რომელმაც პირველი მაუსი შექმნა. 

დუგლას ენგელბარტს სურდა, რომ კომპიუტერი მხოლოდ სათვლელი მანქანა არ ყოფილიყო და მას კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობებიც ჰქონოდა. დღეს კი მის სახელს, თანამედროვე პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მახასიათებლების შექმნა უკავშირდება და მათ შორის კი, ყველაზე ცნობილის - პირველი კომპიუტერული “მაუსის“.

პირველი კომპიუტერული მაუსი, რომელსაც თავდაპირველად X და Y პოზიციების ინდიკატორად მოიხსენიებდნენ 1964 წელს, ხის კოლოფისგან შეიქმნა. ის ორი პერპენდიკულარული ბორბლისა და ღილაკისგან შედგებოდა.🖱️

ამასთან ერთად, ამერიკელმა ინჟინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ინტერნეტის, საძიებო სისტემების, ტექსტუალური პროცესორებისა და თანამედროვე კომპიუტერის შექმნაში.

სწორედ დუგლას ენგელბარტის მიერ შექმნილი კონცეფციები გახდა Apple-ის მაკინტოშისა და Microsoft Window-ის GUI-ის ინსპირაციის წყარო.

https://www.facebook.com/photo/?fbid=562454575913836&set=a.558653246293969
 
  10 დეკემბერი ადა ავგუსტა ლავლეისის  - მათემატიკოსის და პროგრამისტი ქალის დაბადების დღეა. აი,  რა ინფორმაციას მოგვითხრობს მის შესახებ ეროვნული სასახლე:
კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული (6-12დეკემბერი, 2021 წელი)
იმ დროს, როდესაც მათემატიკა „კაცის საქმედ“ მიიჩნეოდა, ადა ლავლეისი (Ada Lovelace) იმ სფეროთი დაინტერესდა, რომელსაც მოგვიანებით კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმატიკა, პროგრამირება ეწოდა.
ადა ლავლეისი, იგივე ავგუსტა ადა ბაირონი (Augusta Ada Byron), სახელგანთქმული ჯორჯ გორდონ ბაირონისა (George Gordon Byron) და არისტოკრატი ენ იზაბელა მილბენკის (Anne Isabella Milbanke Byron) ქალიშვილი იყო. ავგუსტა ადა ბაირონი 1815 წლის 10 დეკემბერს დაიბადა. მამას ძალიან დაწყდა გული, როდესაც ნანინანატრი მემკვიდრის ნაცვლად ქვეყანას ადა მოევლინა. ადას მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც იგი 2 თვის იყო. ამის შემდეგ, ბაირონი საბერძნეთში წავიდა და ინგლისში აღარც დაბრუნებულა.
თავდაპირველად, ლავლეისს მათემატიკის ნიჭი აღმოაჩნდა. ამ მხრივ, მას ყველასგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა, თავად იქ არ მყოფი მამისგანაც კი. „ამბობენ, რომ იგი ჭკვიანია, – ერთხელ აღნიშნა ბაირონმა თავის ქალიშვილზე, – მაგრამ ყველაზე მეტად ვიმედოვნებ, რომ მასში პოეტური ჟინი არ არსებობს. ფასი, რომლითაც ამ ღირსების გამო უნდა გადაიხადო, თუ ამას საერთოდ ღირსება შეიძლება ეწოდოს, ისეთი მაღალია, რომ ღმერთს ვევედრები, ჩემი შვილი ამ ხვედრისგან დაიფაროს“.
ლედი ბაირონი ყურადღებით ადევნებდა თვალს, რომ მის გოგონას მემკვიდრეობით მამის „სახიფათო პოეტური მიდრეკილებები“ არ განვითარებოდა. ამ მიზნით, მან შვილისთვის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები დაიქირავა.
ადას ერთ-ერთი მასწავლებელი ოგასტეს დე მორგანი (Augustus de Morgan) იყო, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მათემატიკის პროფესორი, რომელიც სიმბოლური ლოგიკის ფუძემდებელია. იმის გამო, რომ ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლა დაშვებული არ იყო, დე მორგანი ადას მათემატიკას წერილების მეშვეობით ასწავლიდა.
როგორც წესი, ვიქტორიანული ლონდონის არისტოკრატიულ საზოგადოებაში აღზრდილი გოგონები მდიდრულ სასახლეებში გამართულ ბალებსა და მომგებიან ქორწინებას ნატრობდნენ. მათგან განსხვავებით, ადა ლავლეისი საფრენი აპარატის კონსტრუირებაზე ოცნებობდა. მან ფრინველების ანატომია ზედმიწევნით ზუსტად შეისწავლა, რათა ფრთის სიგრძე კორპუსის მასშტაბებთან შეეფარდებინა. ადას ორთქლმავლის ძრავის მქონე საფრენი აპარატის შექმნა ჰქონდა განზრახული. მისმა პროექტმა 15 წლით გაუსწრო უილიამ ჰენსონისა და ჯონ სტრინგფელოუს „საჰაერო საორთქლმავლო ეკიპაჟის“ (Aerial Steam Carriage) პატენტს.
ამ დროისათვის, ადა მხოლოდ 12 წლისა იყო. სრულიად ნათელი იყო, რომ მისი ტოლი გოგონებისგან განსხვავებით, მას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკისგან თავის არიდების სურვილი არ ექნებოდა.
17 წლის ასაკში, ადამ მათემატიკოსი და გამომგონებელი ჩარლზ ბებიჯი (Charles Babbage) გაიცნო. ამ შეხვედრამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ბებიჯმა ლავლეისს მათემატიკური გამოთვლების ავტომატიზაციისთვის განკუთვნილი საკუთარი მანქანა აჩვენა. ადა ამ გამოგონებამ აღტაცებაში მოიყვანა. მალე ბებიჯი მისი მეგობარი და მასწავლებელი ხდება.
რამდენიმე წლის შემდეგ, ლავლეისს ბებიჯის მეორე გამოგონების – ანალიტიკური მანქანის შესახებ სტატიის თარგმნა სთხოვეს, რომელიც, თავისი არსით, პირველი მექანიკური კომპიუტერი იყო. ორიგინალური სტატია იტალიელი ინჟინერის ლუიჯი მენაბრეას (Luigi Menabrea) მიერ ფრანგულ ენაზე იყო დაწერილი.
ლავლეისის ნამუშევრის მთავარი აღმოჩენა ნატურალური რიცხვების გამოსათვლელი პროგრამის შექმნა იყო. ბებიჯის მანქანის შესახებ სტატიის კომენტარებში, მან მსოფლიოში პირველი სამი გამომთვლელი პროგრამა შეადგინა, რომელიც ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა პროგრამირების, მათ შორის სამანქანო პროგრამირების ენის შექმნას. ადას კომენტარებში, გარდა ამისა, ისიც ნაწინასწარმეტყველებია, რომ გამოთვლითი ოპერაციების განხორციელება არა მხოლოდ რიცხვებითაა შესაძლებელი, არამედ სხვა ობიექტებითაც, რის გარეშეც გამომთვლელი მანქანები მხოლოდ მძლავრ და სწრაფ კალკულატორებად დარჩებოდა.
სტატიის თარგმანი ლავლეისის კომენტარებითურთ ინგლისურ სამეცნიერო ჟურნალში 1843 წელს დაიბეჭდა – კომპიუტერის შექმნამდე თითქმის საუკუნით ადრე.
მიუხედავად იმისა, რომ ლავლეისის სტატიას მის სიცოცხლეში დიდი ყურადღება არ მიქცევია, მისი ნამუშევარი ცნობილი გახდა მისი სიკვდილის შემდეგ, როდესაც ბ. ვ. ბოუდენმა (B.V. Bowden) თავის წიგნში ციფრული კომპიუტერების ისტორიის შესახებ „ფიქრზე სწრაფი“ (Faster than Thought), 1953 წელს იგი ხელახლა გამოაქვეყნა.
ამ შენიშვნებში, რომელიც სამჯერ უფრო დიდი მოცულობისა იყო, ვიდრე თავად ტექსტი, ლავლეისმა ანალიტიკური მანქანის მიერ ნატურალური რიცხვების გამოთვლის თანმიმდევრული სქემა აღწერა, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიოში პირველი ალგორითმი შეიმუშავა.
აქედან მოყოლებული, ლავლეისის საქმიანობა დიდი სტიმული იყო ქალების იმ ახალი თაობისთვის, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის დარგში მუშაობას აპირებდა.
„ადა ლავლეისი აღტაცებას იმსახურებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების შესაქმნელად გამომთვლელი მანქანის გამოყენების შესაძლებლობა დაუშვა, არამედ იმიტომაც, რომ დროს ისე გაუსწრო, რომ მისი მსოფლმხედველობის გაზიარება მის თანატოლთაგან ვერავინ შეძლო“, – ამბობს სიუ შარმან-ანდერსონი (Suw Charman-Anderson), სოციალური ტექნოლოგი და ადა ლავლეისის საერთაშორისო დღის (Ada Lovelace Day) დამფუძნებელი.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ, ადა ლავლეისის პატივსაცემად, 1980 წელს ამერიკის შეიარაღებული ძალების, შემდგომში ნატოს პროგრამირების ერთ-ერთ ენას „ადა“ უწოდა. ადა ლავლეისის სახელი ამერიკაში ორ პატარა ქალაქს დაერქვა – ალაბამასა და ოკლაჰომას შტატებში. ოკლაჰომაში მისი სახელობის კოლეჯიც კი არსებობს.

0 comments:

Post a Comment